მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის მქონე რეგიონში ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი — უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე და ოთხი ინტრაზონალური ტიპი — კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ამგვარი სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ კუთხეში არ შეინიშნება.
ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).
ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია ((I. polycarpos).
ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის (Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.
ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.
ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.
ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).
რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა (Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba), შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკინა (Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი (Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები (Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.
ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი — (Lutra lutra), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი — (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შევარდენი (Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.
2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.
ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.
ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.
მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო (Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.
ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.საქართველოს ბუნება მრავალფეროვანია. აქ ორიგინალურად არის შეხამებული მშრალი პეიზაჟები ნესტიან სუბტროპიკებთან.
საქართველო, თავისი ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი მინერალური წყალი, როგორებიცაა: ბორჯომი, ბახმარო, საირმე, ნაბეღლავი, ზვერე, ჯავალი და სხვა.
მსოფლიოს 4000 სახეობის რეგისტირებულ ღვინოთა შორის 500 სახეობა არის ქართული.
ქვეყანაში არის 4000-დან 4500-მდე ნაირსახეობის სისხლძარღვიანი მცენარეები, რომელთა შორის დაახლოებით 15% არის მხოლოდ კავკასიური ჯიშის. მათგან 300 სახეობა მხოლოდ ქართულია. აქვე ხარობს პიონის 10 სახეობა და 11 თეთრყვავილას ჯიში.
ფრინველთა დაკვირვებისათვის საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სამოთხეა. აქ ბინადრობს 360 ფრინველის სახეობა, 4 სვავისა და 11 არწივის. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 სახეობა სხვაგან არ ბინადრობს.
დღემდე ტყით დაფარულია 2,7 მილიონი ჰექტარი მიწა (38,6% საქართველოს ტერიტორია), საიდანაც მხოლოდ 59,500 ჰექტარი არის ხელოვნურად გაშენებული.
No comments:
Post a Comment