კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.
ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გამოსამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვა.
ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხმელეთისა და წყლის კუ, გეკონები, ჯოჯო, ხვლიკები, ველის მახრჩობელა, მცურავები, ანკარები, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ენდემური კავკასიური გველგესლა და სხვა.
ამფიბიებიდან — ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვა; წყალსატევებში ბევრია კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი, ორაგული და სხვა. უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.
დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ — ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში — ავაზა, XVIII საუკუნეში — თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა.
ქართული მეცხვარე ძაღლი, რომელსაც 19-ე საუკუნეში რუსებმა კავკასიური ნაგაზი უწოდეს, არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.
No comments:
Post a Comment